გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 259
ისტორია

 

 

                                                                              

საქართველოს ტერიტორიაზე ჩვ. წ. აღრიცხვამდე I ათასწლეულში ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიის (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში. იგი ქრისტიანობამდეც და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგაც იყო და არის ქვეყნის სულიერი ცენტრი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მცხეთა და მისი შემოგარენი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით და არქეოლოგიური მასალებით. ამ ტერიტორიაზე 200-ზე მეტი კულტურული ძეგლია. აქ აღმოჩენილია სამაროვნები და ნამოსახლარები ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ადრეული ხანის სხვადასხვა თავდაცვითი და საქალაქო ნაგებობა: სასახლის, აბანოებისა და სხვა ნანგრევები (არმაზი, ბაგინეთი, ძალისი და სხვა).

ძვ წ. აღრიცხვის III საუკუნის დასაწყისიდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია; ამას ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები - "აბრეშუმის გზა", "ცხვრის გზა" და სხვა, რომლებიც მდინარეების - არაგვისა და მტკვრის გაყოლებით მიემართებოდნენ.

 კულტურული და რელიგიური ძეგლების  ისტორია

 

                                                                                             

წილკნის ეკლესია                                                                                                                                                                          

                                                                                                                                                                  

 წილკანში ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ლეონტი მროველისცნობით ეკლესია ააგოს მირიანის ძემ, ბაკურ II-მ. მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა მუხრანი,ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. V-VI საუკუნეების მიჯნაზე წილკანში არსებული ეკლესიის ნაცვლად აშენდა სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. წილკნის ტაძარი და მისი სამწყსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. VI საუკუნის მეორე ნახევარში წილკანში მოღვაწეობდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ასურელი მამა ისე წილკნელი. ის იქვეა დასაფლავებული. მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან დევს. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა.    სხვადასხვა დროს წილკანში მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, კალიგრაფი ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ქრისტეფორე წილკნელი (XVIII ს.), ამბროსი მიქაძე, იოანე ქარუმიძე (XVIII-XIX სს.) ტაძრის ხელახალი იკურთხა და ამოქმედდა 1988 წელს. 1992 წელს ტაძრის ეზოში აშენდა საეპისკოპოსო რეზიდენცია. ტაძარში განსაკუთრებით ზეიმობენ 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს.


 

ზედაზნის მონასტერი 

 

                                                                                      

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე.
ზედაზნის მთას, რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის - ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).
მეექვსე საუკუნის შუა წლებში სირიიდან საქართველოში ჩამოსულმა „ასურელ მამათა“ წინამძღვარმა - იოანემ შეარჩია „მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო“, „აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ“. აქ „პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ“. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაუგზავნია ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მისაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ.
ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.
1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათალიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნეში, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება, ეკლესია გადახურეს „რკინის სახურავით“, დასავლეთ კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვ. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ.
1915-1922 წლებში მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წლებში ეკლესიის X-XI საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა. ოლინკევიჩმა (ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). საბჭოთა პერიოდში 1938 და 1970-71 წლებში მონასტერს ჩაუტარდა გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები.
სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო, გალავანი და ციხის სხვა ნაშთები. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი.
ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.
ეკლესიას სამხრეთიდან თლილი ქვით მოპირკეთებული XVIII საუკუნის კვადრატული კარიბჭე ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭეზე აგურით ნაგები, ოთხმხრივ თაღოვანი სარკმლებით გახსნილი სამრეკლოს რვაწახნაგა ფანჩატური დგას.
ციხე-გალავანი ძირითადად XVII საუკუნით თარიღდება (ზოგიერთი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება). ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია თლილი კვადრები და აგურიც. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.

 

ქსნის ციხე

 

                                                                                 

მდინარე ქსნისა და მტკვრის შესაერთავთან, სარკინეთის მთაზემდგომი ციხესიმაგრე კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. იგი  XVI საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს.
1512 წელს ქართლის მეფის, დავით X -ის (1505-1525 წწ.) უმცროსმა ძმამ, ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა - შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა - სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგითა და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა.


1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა ის შეიპყრო და ქსნის ციხეში გამოამწყვდია. „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა.“ 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა.
ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან, აქედან კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და ქსნის ხეობები. მისასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. ციხის პირველი სამშენებლო ფენა (1511-14 წწ.) მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები, მეორე ფენაში კი (1746 წ.) აგურიცაა გამოყენებული. პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია გალავნის კედლების ქვედა ნაწილი, ბურჯებისა და ორი კოშკის ნაშთი.
ჩრდილო-დასავლეთით, გალავანზე გარედან მიშენებულია ცილინდრული კოშკი (მეორე სამშენებლო ფენა). გალავნის კუთხე შიგ ცილინდრშია შეჭრილი. კოშკი ორსართულიანია. მესამე სართული ქონგურებიანი ბანია. პირველი სართულის იატაკში ქვევრებია ჩაფლული. ორივე სართულს მაღალი სარკმლები აქვს. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ცილინდრული კოშკის პირველი სამშენებლო ფენიდან შემორჩენილია ორი ყრუკედლებიანი სართული. მეორე სამშენებლო პერიოდში კოშკისათვის ირგვლივ კედლები შემოუშენებიათ, ამით მისი დიამეტრი 2 მეტრით გაზრდილა.

კოშკების საბრძოლო ელემენტები - სათოფურები, საზარბაზნეები, სალოდეები შემკულია განსხვავებული დეკორატიული წყობით. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზე დასრულებულია ნახევარწრიული ქონგურებით. მათ ქვემოთ, 1-2 მეტრის დაცილებით ნისკარტა სალოდეებია, უფრო ქვემოთ კი - სათოფურები. ეზოში ჭისებრი წყალსაცავია. ციხეს წყლით ამარაგებდა წყალსადენი (კერამიკული მილები), რომელიც ქედს მიჰყვება. მისი სათავე ციხიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრზეა.

 

მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი 

 

                                                                                         

მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი  -  (586/7 – 604 წ.წ.) ქართული და საზოგადოდ, მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. მიუხედავად თავისი შედარებით მცირე ზომისა ეს ტაძარი გამორჩევა სივრცის შინაგანი გაფორმების მთლიანობითა და გრანდიოზულობით, პროპორციების სრულყოფილებით, შინაგან სივრცესთან ფასადების მხატვრული დამუშავებით. ტაძრის სახელწოდება მომდინარეობს ხის დიდი ჯვრიდან, რომელიც მოციქულთასწორმა ნინომ აღმართა მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე გორის წვერზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მთა წინარექრისტიანულ ხანაშიც მნიშვნელოვან საკულტო ცენტრს წარმოადგენდა; კიდევ უფრო გაიზარდა მისი მნიშვნელობა ახალშემოსული რელიგიის გაძლიერება-გამტკიცების შემდეგ. ნათქვამის დასტურად გამოდგება თუნდაც ის ფაქტი,რომ აქ მლოცველები მოდიოდნენ მთელი კავკასიიდან, მათ შორის სომხეთიდანაც მოდიოდნენ.                                                                                                                                    

VI საუკუნის მე-2 ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის მახლობლად ააგო პატარა ეკლესია (იგი ცნობილია როგორც ჯვრის მცირე ტაძარი); ხოლო VI საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს, გურამის ძემ სტეფანოზმა, იმ დროისათვის თავადაც ქართლის ერისთავმა, საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც დასრულდა 604 წელს. ტაძრის ფასდები და შიდა პირი ნაგებია ღია ვარდისფერი, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი კარგად გათლილი კვადრებით. კედლის წყობის ჰორიზონტალური რიგების სწორხაზოვნება ყველგან მკაცრადაა დაცული.

ტაძარს ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია ნახევარსფეროს მოყვანილობის გუმბათის რვაწახნაგა ოთხსარკმლიანი ყელი. გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში - ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის შუა შვერილზე გამოსახულია ტაძრის აშენების და ხარჯვის გამწევი ისტორიული პირები: მაცხოვრის წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარი; იქვე, ასომთავრულით შესრულებულია წარწერა  _  "ჯუართ მაცხოვრისათ, სტეფანოს ქართლისა პატრიკოსი შეიწყალე"; მარცხნივ  _  სტეფანოზის ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზითა და შესაბამისი წარწერით: "წმინდაო მიქელ მთავარანგელოზო, დემეტრე უპატოსსა მეოხ ხეყავ"; სტეფანოზის ფიგურის მარჯვნივ, მისი მემკვიდრე ადარნასე, თავს ზემოთ ფრთებგაშლილი ანგელოზებითა და წინ ხელგაწვდილი ანგელოზებით. ანგელოზის წინ მუხლმოდრეკილი ბავშვი  _  ადარნასეს ძე. ასომთავრული წარწერა გვაუწყებს: "წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზო, ადარნესე უპატოსს მეოხ ხეყავ". სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებულია ქრისტიანულ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების სცენა. ანგელოზების ფიგურები ძალზედ მაღალი ხელოვნებითაა შესრულებული.       "თბილისისკენ ჩრდილოეთიდან ან დასავლლეთიდან მომავალი მგზავრი შორიდანვე ხედავს მცხეთის ჯვრის სილუეტს, მერე გარს უვლის მას სხვადასხვა მხრიდან; ძეგლი ხან გზის პერსპექტივაში წარმოდგება, ხან ცის, ხან მაღალი მთის ფონზე; და საიდანაც არ უნდა უყურებდე მას, მცხეთის ჯვარი გაოცებს და გაღელვებს გარემო ბუნებასთან, მთების მოხაზულობასთან ჰარმონიული შერწყმით  _  იგი თითქოს ამ მთებისგანაა აღმოცენებული, როგორც მათი ბუნებრივი ნაწილი და გაგრძელება. "ბუნების გრძნობა", ხუროთმოძღვრებისა და გარემოს ორგანული კავშირი ქართული ძეგლების დამახასიათებელი და აუცილებელი თვისებაა" (აკად. ვახტანგ ბერიძე). ჯვრის                                                                       

ტაძარს აქვს მეორე, ხალხური სახელიც  _  ჯაჭვის საყდარი, რომელიც დაკავშირებულია ერთ, საუკუნეების სიღრმეში შექმნილ ლეგენდასთან: მცხეთის ჯვრის გუმბათი რკინის ჯაჭვით იყო დაკავშირებული სვეტიცხოვლის კათედრალის გუმბათთან. ამ ჯაჭვის მეშვეობით ჯვრის ტაძრის ბერები გადმოდიოდნენ სვეტიცხოველში, გადმოცემის თანახმად, რწმენის შემცირების კვალად ჯაჭვიც თანდათან თხელდებოდა და ბოლოს ავიდა ცაში და საბოლოოდ გაქრა. მცხეთის ჯვარი არის არა მარტო ეროვნული, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლი. ამიტომაც ქართული ხუროთმოძღვრული სკოლის ეს საოცარი ქმნილება შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

 

მუხრანი

  მუხრანი (მუხნარი), როგორც ისტორიული გეოგრაფიული ერთეული მოიცავს მცხეთის რაიონში მდებარე მუხრანის ველს, თვით სოფელ მუხრანს და მიმდებარე ტერიტორიებს. სახელწოდება წარმოდგება „მუხიდან“. მუხრანის ფიზიკურ გეოგრაფიული პირობები უძველესი დროიდანვე ქმნიდა სოფლის მეურნეობის მრავალი დარგის განვითარების შესაძლებლობებს. ძვ. წ. III-II საუკუნეებში მუხრანი დიდი მცხეთის სასოფლო გარეუბანს წარმოადგენდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები. ანტიკურ ხანაში და ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მუხრანის (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი - საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. ვახტანგ გორგასლის ეპოქაში მუხრანი ბაზალეთთან ერთად წილკნის საეპისკოპოსოს ბირთვად იქცა. ოსეთში ლაშქრობის წინ გორგასალი თავისი ლაშქრით მუხრანში დაბანაკდა. VIII-IX საუკუნეებში მუხრანი კახთა მთავრების - ქორეპისკოპოსთა უფლებაში გადავიდა, რომლებმაც იგი თავის ვასლებს - ძაგანისძეებს უწყალობეს სამოხელეოდ. ძაგანისძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები თავს „ზედაზნის ერისთავთერისთავებსა და მუხრანის მფლობელებს“ უწოდებდნენ. X საუკუნეში ლეონ აფხაზთა მეფემ (957-967 წწ.) კახეთისათვის წარმოებული ბრძოლების დროს მოახერხა მუხრანის ხელში ჩაგდება, მაგრამ კახეთის ხელისუფლებმა იგი კვლავ დაიბრუნეს. 1223 წელს დავით აღმაშენებელმა ძაგანისძეებს ზედაზნის ციხესთან ერთად მუხრანის ქვეყანაც წაართვა და მის სამართავად საკუთარი მოხელე - „გამგე მუხრანისა“ დაადგინა. მუხრანის სამეფო დომენად იქცა, რომლის ყრმა-მამულის ნაწილი შიომღვიმისა და სვეტიცხოვლის მონასტრებს ებოძათ. XI-XII საუკუნეებში მუხრანი ეკონომიურად მეტად დაწინაურდა. განახლდა ძველი და აშენდა ახალი სარწყავი სისტემები და წყალსადენები, დაწინაურდა სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი, ხოლო მონღოლთა, თემურ ლენგისა და სხვა დამპყრობთა შემოსევებმა დააზარალეს და მოშალეს მუხრანის მეურნეობა. XVI საუკუნეში მუხრანი ქართლის სამეფო სახლის კუთვნილებაა. 1512 წელს ქართლის მეფის, დავითის უმცროსმა ძმამ ბაგრატმა მუხრანის საუფლისწულოდ გადაცემა და შიდა ქართლის სპარსპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე - ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითმა მისცა ძმას საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სარდლად დანიშნა. ასე შეიქმნა სამეფო მამულებისგან სათავადო სამუხრანბატონო ანუ სამუხრანო. XVI-XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ბაგრატის შემდეგ სამუხრანბატონოს მისი შთამომავლები (აშოთანი, ვახტანგი, თეიმურაზი, ქაიხოსრო) განაგებდნენ. 1658 წელს მუხრანბატონმა ვახტანგ თეიმურაზის ძემ ქართლის მეფობაც მიიღო და ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) სახელით განაგებდა ქვეყანას. მუხრანის სათავადოს ცენტრი იყო ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელი მუხრანი, რომელსაც XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს შექმნის შემდეგ აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები - ბაგრატ მუხრანბატონი (XVI ს.), კონსტანტინე მუხრანბატონის მეუღლე - ბარბარე (XVIII ს.), გრიგოლ ბაგრატიონ მუხრანელი და სხვა. ქართლის მეფე სიმონ I იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ალყა შემოარტყა თბილისს. თბილისის გარნიზონის დასახმარებლად წამოსული ოსმალთა 20 ათასიანი ლაშქარი მუხრანის ველზე დაბანაკდა. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს, სასტიკად დაამარცხა იგი და დიდძალი ნადავლიც იგდო ხელთ. ბრძოლა მოხდა 1582 წლის აგვისტოს ბოლოს. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტო ქართლის ტახტს განაგებდა 1724 წლამდე. ამ შტომ მრავალი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი (გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი და სხვა) მოგვცა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მუხრანბატონები მხარში ედგნენ ერეკლე II-ს და თავდადებით იბრძოდნენ ლეკებისა და სხვა გარეშე მტრების წინააღმდეგ, ხოლო XIX საუკუნის 40-იან წლებში კი რუსულმა მმართველობამ გააუქმა სამუხრანბატონო.

~ციხე-გალავანი მდებარეობს სოფელ მუხრანის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, ისტორიულ შიოსუბანში. ციხე-გალავანი (ფართი 2,5 ჰა) შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - კარის ეკლესია. ციტადელის სამხრეთ კედელთან მდგარი სასახლე მთლიანად დანგრეულია. გალავნის შიგნით ორი ეკლესია დგას - ჯვარ-გუმბათოვანი გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესია და დარბაზული ეკლესია. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ყორე ქვა და აგური. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს - კონსტანტინე მუხრანბატონს. ციტადელი გეგმით კვადრატს (56 X 54 მ) უახლოვდება. მასში შესვლა მხოლოდ გალავნის გავლით შეიძლება. ჭიშკარი აღმოსავლეთის კედლის ცენტრშია გაჭრილი. შესასვლელის ნახევარწრიული თაღი პროფილირებულკაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა. თაღის არე მთლიანად ჩასმულია მაღალ ოთხკუთხედში და ხერხისებურად ნაწყობი აგურის ლავგარდნითაა დასრულებული. ციტადელის კედლები შიგნიდან ორიარუსიანია. ქვედა იარუსი განიერია, ზედა კი 0,5-0,7 მეტრით ვიწრო. ამ სხვაობით იქმნება საბრძოლო ბილიკი, რომელიც მთელ სიგრძეზე მიჰყვება კედლებს. საბრძოლო ელემენტები მხოლოდ ზედა იარუსზე ერთ ჰორიზონტზე, ერთმანეთისგან 4-5 მეტრი დაცილებით არის განლაგებული. კედლები მთავრდება ნახევარწრიული ქონგურებით. ციტადელის კოშკებს შორის ყველაზე დიდია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი, ე. წ. მამაბურჯი. შესასვლელი მეორე სართულზეა, ეზოს მხარეს; კარის თავზე, კედელში ჩასმული იყო მომცრო მარმარილოს ქვა მხედრული წარწერით (ქვა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). კოშკის პირველი სართული ცილინდრულია, გადახურულია დამჯდარი კამაროვანი გუმბათით, კედელში ჩაყოლებულია კიბე. ამ სართულზე სამი სარკმელია. იატაკის შუაგულში ჭაა. მეორე სართული დაბალია, აქვს რვაწახნაგა პრიზმის ფორმა და გადახურულია სხივური კამარით. კამარაში გაჭრილია ოთხი სარკმელი. ჩრდილოეთის ერთ-ერთ წახნაგში ბუხარია ჩაშენებული. ღრმა ოთხკუთხა ნიშებში წყვილი სათოფურია, რომლებიც გარეთ ერთიანდება. დანარჩენი სათოფურები მესამე სართულზე ასასვლელი კიბის გარე კედელშია განლაგებული. მესამე სართულიც გეგმით მრავალწახნაგაა. წახნაგები სხივური კამარისგან ლავგარდნითაა გამოყოფილი. ერთ წახნაგში კარია, მის მარცხნივ ღრმა ნიშია ხუთი წვრილი სათოფურით, შემდეგ ორ წახნაგში სწორკუთხა სარკმლებია ორ-ორი სათოფურით. ასეთივე სამი სარკმელია კიბის მარჯვენა მხარეს. წახნაგი გეომეტრიული და ფოთლოვანი ჩუქურთმით მორთულ მაღალ ბუხარს უკავია. კამარის წახნაგებზე სქელი ბათქაშით გამოყვანილია რვა ფართო სხივი ცენტრში მედალიონით. ოთხ წახნაგში ასიმეტრიულად განლაგებულია სარკმლები, დანარჩენებში კი ნიშებია. ისრულთაღიანი სარკმლები და ნიშები ჩასმულია ოთხკუთხა პროფილირებულ ჩარჩოში. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია, რომელზე ასვლაც კედელში დატანებული კიბით შეიძლება. ბანის მაღალ კედელში მიჯრითაა განლაგებული სალოდეები, საზარბაზნეები და სათოფურები. კოშკი მთავრდება ერთ ჰორიზონტალზე განლაგებული ნახევარწრიული ქონგურებით. მამა-ბურჯი მდიდარი ფეოდალის საცხოვრებელ-სათავდაცვო კოშკის ნიმუშია. დანარჩენი სამი კოშკი სამსართულიანია და ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკის მსგავსი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკს პირველსა და მეორე სართულზე შესასვლელი ცალ-ცალკე აქვს. სამხრეთ-დასავლეთის კოშკში სართულშუა გადახურვა ბრტყელია. ოთხივე კოშკს ერთნაირი, აგურის ჰორიზონტალური კბილანებით დასრულებული, მაღალ სწორკუთხედში ჩასმული შეისრულთაღიანი კარი აქვს. ერთმანეთისაგან 0,3-0,4 მეტრით დაცილებული აგურის ჰორიზონტალურ ფენებს შორის მოთავსებულია თევზისფხურად ნაწყობი ქვების ორ-ორი ან სამ-სამი რიგი. კარის ეკლესია ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დგას, დარბაზულია (13 X 7,5 მ). XX საუკუნის 20-იან წლებში იგი გადაუკეთებიათ. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით. ღრმა აფსიდში ხუთი ნიში და სამი სარკმელია; აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი აღმოსავლეთ ფასადზე გადის, ხოლო დანარჩენი ორი სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადებზე. დარბაზი გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ჩრდილოეთ კედელში სიმეტრიულად განლაგებულია სამი სარკმელი, ხოლო სამხრეთისაში - ორი. ფასადებზე აგურის წყობით გამოყვანილია დეკორატიული რომბები და ჯვრები. ლავგარდანი აგურისაა. XIX საუკუნეში ეკლესიისთვის დასავლეთით მიუშენებიათ აგურის მასიური კარიბჭე. იგი ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. იმავე ხანისაა კარიბჭეზე დადგმული ექვსწახნაგა ღია სამრეკლო. ციტადელის სამხრეთ კედლის გაყოლებაზე მარანია (36 X 5 მ). მიწაში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის ორმოცდაათამდე ქვევრი. მარნის კედლები და სახურავი გვიანდელია. გალავანი ციტადელს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით აკრავს. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება (155 X 160 მ). შემორჩენილია დასავლეთის კედელი და სამხრეთის და აღმოსავლეთის კედლის მცირე ფრაგმენტები. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეებში ცილინდრული კოშკები მდგარა.გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (19,6 X 11,5 მ). სამხრეთით და დასავლეთით შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელებია. ბემიანი აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა, მათ თავზე - თითოსარკმლიანი საიდუმლო ოთახები. ეკლესიის გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით პილონებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. ეკლესიის გუმბათქვეშა მკლავებში თითო სარკმელია, ხოლო ეკლესიის გრძივ კედლებში - სამ-სამი. დასავლეთის კარის ორივე მხარეს პატრონიკეზე ასასვლელი კიბეებია. ფასადებზე დეკორატიული თაღებია. ცენტრალურ თაღებს გვერდებზე რომბები და ჯვრები დაუყვება. სამხრეთის კარის არქიტრავზე წარწერაა, რომლის მიხედვითაც ეკლესია აგებულია 1844 წელს.დარბაზული ეკლესია (14,1 X 5,8 მ) ნაშენია აგურით. აგებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. შეისრული კონქით გადახურულ ღრმა აფსიდში სამი სარკმელი და ხუთი თაღოვანი ნიშია. შეისრული კამარა სამ თაღს ეყრდნობა. დარბაზის სამ კედელში ორი სარკმელი და ერთი ნიშია, ჩრდილოეთის კედელში სამი სარკმელია. სარკმლების გარე, საფასადო პირი ამოყვანილია კარგად გათლილი ქვით. ლავგარდანი აგურისაა.ეკლესიას დასავლეთით და სამხრეთით ღია კარიბჭეები აქვს მიშენებული. კარიბჭეთა სვეტებს მარტივპროფილიანი კაპიტელები და ბაზისები აქვთ. თაღები თლილი ქვითაა ამოყვანილი.

 

 

 

ძალისი (ნაქალაქარი)

 

  ნაქალაქარი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ძალისის აღმოსავლეთით, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე. თარიღდება ძვ. წ. II-ახ. წ. VIII საუკუნეებით.მოსახლეობა თავდაპირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართობი: 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და აქ ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს, ქალაქის არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ძალისის გორაზე აღმოჩნდა ალიზის აგურით ნაგები, ბრტყელი და ღარისებრი კრამიტებით გადახურული, მარნიანი საცხოვრებელი ნაგებობანი, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრილი ძეგლების თანადროულია. გორას შემოვლებული ჰქონია ალიზის გალავანი.1971-1982 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაგისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნაქალაქარი გათხარა.ნაქალაქარზე გაითხარა ტაძარ-სასახლის (ტაძარი, სასახლე, აბანო) და აბანოს კომპლექსები. აბანოები ნაშენია რიყის ქვითა და დუღაბით, ყველა სხვა ნაგებობა - ალიზის აგურით. ტაძარ-სასახლეების კედლები შიგნიდან გაჯით, ზოგან კი სუფთა კირხსნარითაა შელესილი. ყველა ნაგებობა გადახურული ყოფილა კრამიტით. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კერამიკული მასალა, სარკმლის მინის და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ნივთები და ა. შ. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მცხეთის მუზეუმსა და ნასტაგისის ექსპედიციის ბაზაზე.

  ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება დარბაზისა და რამოდენიმე დიდი სენაკისაგან. დარბაზს საზეიმო შესასვლელი სამხრეთით ჰქონდა. ზღურბლის წინ, ეზოს მხარეს ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9 X 2,75 მ).დარბაზის (ფართობი 48,6 კვ.მ) იატაკის მოზაიკა (თარიღდება ახ. წ. II საუკუნით) თორმეტი ფერის კენჭისგან არის შედგენილი. კედლების გასწვრივ იატაკს შემოვლებული აქვს შედარებით მსხვილი კენჭების მოზაიკური არშია, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლების გასწვრივ, არშიების შიგნით რომბებით შევსებული მოედანია (4,8 X 1 მ), შემდეგ წითელი არშიით გამოყოფილია ზოლი, რომელიც მცენარეული ორნამენტითაა დაფარული. მოზაიკაზე წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დიონისეს ტაძარი, სადაც დიონისეს კულტთან დაკავშირებული რიტუალი სრულდებოდა.ტაძარში კიდევ ოთხი დიდი დარბაზია (უდიდესი 85 კვ.მ). მათი იატაკი და კედლები გაჯით ყოფილა შელესილი, კედლები - მოხატული. ყველა დარბაზში გამართულია დაბალი სამსხვერპლო-საკურთხეველი.სასახლისაგან შემორჩენილია მხოლოდ ფასადის კოლონების ბაზალტის ქვისაგან გამოკვეთილი ბაზისები, რომლებიც ერთ რიგადაა ჩამწკრივებული ტაძრის დასავლეთის მხრის გაგრძელებაზე. 

აბანო გეგმით ოვალურია და სამი, ერთმანეთთან კარით დაკავშირებული, ცხელი, თბილი და ცივი განყოფილებისაგან შედგება. ცხელი და თბილი განყოფილებების იატაკი კალორიფერის სვეტებზეა დაგებული. კალორიფერის თითოეულ განყოფილებაში სიგრძეზე 9 და სიგანეზე 5 მრგვალი ან ბრტყელი აგურით ამოყვანილი და კირხსნარით შეკავშირებული სვეტი დგას. სვეტების თავზე დევს კერამიკული ფილები (0,58 X 0,05 მ), რომლებზეც დასხმულია ჰიდრავლიკური ხსნარის 0,12-0,15 მ სისქის ფენა. ცივ განყოფილებაში ჩრდილოეთით, მომრგვალებულ ნაწილში მოთავსებულია აბაზანა. ამ განყოფილების იატაკზე ფერადი მოზაიკით გამოსახულია დელფინის თავი, ზღვის ნიჟარა და თევზები. მოზაიკის შუა ნაწილი დაზიანებულია. ცივი აბანო კარით უკავშირდება გათლილი ტუფისიატაკიან დერეფანს (6 X 1,3 მ), საიდანაც შეიძლება გასახდელში (ფართობი 22,7 კვ. მ) მოხვედრა. გასახდელის მოზაიკური იატაკი შემკულია გეომეტრიული ორნამენტით. გასახდელი კარით უკავშირდება ტაძრის დარბაზს. აბანოს კომპლექსში შემავალი ნაგებობების ნაშთები სხვადასხვა სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება. ატრიუმი და ტაძარი I-II საუკუნეებით თარიღდება, ხოლო აბანოს მთელი კომპლექსი - II-IV საუკუნეებით. აბანოს კომპლექსი დაშენებულია უფრო ადრინდელი ხანის ნაგებობებზე, რომლებიც მშენებლებს მოუსწორებიათ და შემდეგ დაუწყიათ აბანოს კომპლექსში შემავალი ნაგებობათა მშენებლობა. ატრიუმი გეგმით ოთხკუთხაა (1,77 X 6,95 მ), მოგებულია ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი, დათლილი ტუფისა და ქვიშაქვის დიდი ქვებით. ატრიუმის ცენტრში ბორდიურით შემოვლებული შადრევნის აუზია (2 X 1,8 მ), რომლის კუთხეებში აღმართული ყოფილა ოთხკუთხა კოლონები; შემორჩენილია კუთხის ქვების ცენტრში, ერთმანეთისაგან 0,3-032 მეტრის დაშორებით ამოკვეთილი ფოსოები. აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით კოლექტორის საკონტროლო ჭაა. ატრიუმის დასავლეთით დგას გეგმით სწორკუთხა ტაძარი (9,95 X 2,6 მ), რომლის გათლილი ტუფის დიდი ქვებით მოგებული იატაკი ატრიუმისაზე 0,15 მეტრით მაღალია. ტაძარი დგას გათლილი ტუფის დიდი ქვებით ნაგებ ცოკოლზე. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში კოლონებიანი წაგრძელებული მინაშენია, რომელშიც რომელიღაც ღვთაების ქანდაკება ყოფილა აღმართული. აბანო რომაული ტიპისაა და სამი - ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებებისგან შედგება. სამივე განყოფილებას სამხრეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აბანოს გასათბობი სისტემა - ჰიპოკაუსტი მიწაშია მოწყობილი და ნაგებია რიყის ქვით და დუღაბით. ცივი აბანოს (6,3 X 3,65 მ) თითქმის ნახევარი, აფსიდის მხარეს აბაზანას უჭირავს. აბაზანის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემაღლებული მოედანია. იატაკში თიხის მილია დატანებული ნახმარი წყლისათვის. თბილი აბანო (6,5 X 3,96 მ) ცივი განყოფილების დასავლეთითაა და მას კარით უკავშირდება. თბილი და ცხელი (6,5 X 3,8 მ) განყოფილებების იატაკის ქვეშ კალორიფერია, რომელშიც კირხსნარით შეკავშირებული სხვადასხვა ზომის, ოთხკუთხა და მრგვალი აგურით ნაგები სვეტების რიგია. სვეტებს ზემოდან დაფარებული ჰქონდა კერამიკული ფილები და ტუფის გათლილი ქვები, რომლებზეც დასხმული იყო ჰიდრავლიკური კირხსნარის 0,12-0,15 მეტრი სისქის ფენა (აბანოს იატაკი). ცხელი აბანოს კედლებში, კედელსა და მასზე მიმაგრებულ ფილებს შორის ვერტიკალურად ჩადუღებულია თიხის მილები. ამ მილებით ცხელი აბანოს ჰიპოკაისტიდან ცხელი ჰაერი მიედინებოდა და ათბობდა მთელ აბანოს. ფილები კედელზე მაგრდებოდა შვერილებით.

 აბანოს თბილსა და ცივ განყოფილებებს ჩრდილოეთით მიშენებული აქვს აბანოსაგან ყრუ კედლით გამოყოფილი ორი მოზრდილი სათავსი, რომლებსაც შესასვლელი ჩრდილოეთით აქვთ. ცხელი განყოფილების ჩრდილოეთით ცეცხლფარეშის სათავსია (4 X 2,8 მ). იგი რიყის ქვითა და დუღებით ნაგები კარგად შელესილი საცეცხლე არხით უკავშირდება ცხელი აბანოს ჰიპოკაუსტს, რომლის დასავლეთ კედელში გაკეთებულია ჭრილი. ამ ადგილზე კედელს გარედან მიშენებული აქვს რიყის ქვით, ოთხკუთხა აგურითა და დუღაბით ნაგები საკვამლე მილი. საკვამლე მილის ჩრდილოეთით სწორკუთხა აუზია (4,4 X 3,3 მ), რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან წყალსადენი უერთდება. წყალსადენი ნაგებია რიყის ქვით,ტუფით და დუღაბით. ყოველ 40-50 მეტრზე თანგირია გამართული. ამ წყალსადენზე დადუღებულია მეორე წყალსადენის თიხის მილები. აბანოს კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთით ტუფით, რიყის ქვითა და დუღაბით ნაგები უფრო ადრეული ხანის წყალსადენია, რომლის თავზე ერთმანეთთან შედუღებული ტყვიის ცილინდრული მილებისაგან შედგენილი მეორე წყალსადენია გამართული. აბანოს გასახდელი (7,7 X 8,1 მ) ატრიუმის აღმოსავლეთითაა. მისი იატაკი (შემორჩენილია გასახდელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში) ისეთივეა, როგორიც თბილ და ცხელ აბანოებში. ჰიპოკაუსტში თითოეული სვეტი აგებულია ცხრა მრგვალი და ცხრა ოთხკუთხა აგურითა და კირის ხსნარით. სიგანეზე სვეტების 12, ხოლო სიგრძეზე 13 რიგია. გასახდელის აღმოსავლეთით ცეცხლფარეშის სათავსია (2,8 X 1,9 მ). აქედან საცეცხლე არხი გადის გასახდელის ჰიპოკაუსტში. ცეცხლფარეშის სათავსში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა აგურის, კრამიტის, ჭურჭლის ნატეხები და ასამდე თიხის პატარა ჭრაქი. გასახდელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეებზე მიშენებულია მოსაცდელი (6,5 X 5,2 მ). მისი დასავლეთ კედლის გასწვრივ კირხსნარით მოლესილი ზოლია (1,7 X 6 მ). ძალისის მიდამოებში მიკვლეულია ნაქალაქარის დროინდელი სამი სამაროვანი. აქედან მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სამაროვანი, მის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარის მიხედვით, არისტოკრატულ ფენას უნდა ეკუთვნოდეს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე 1971-1982 წლებში წარმოებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ აქ საკმაოდ ძლიერი დასახლება არსებობდა ძვ. წ. I საუკუნეში. ამ დროის ნაგებობათა ნაშთები მოქცეულია ტაძარ-სასახლისა და აბანოს კომპლექსის ქვეშ. ამ ნაგებობის თანადროულია მათ დონეზე აღმოჩენილი წითლად ანგობირებული პირჩაკეცილი, შავად გამომწვარი და ზედაპირგაპრიალებული ჯამების ნატეხები.

 მშენებლობაში სამი სახის აგურია გამოყენებული. ნაგებობების გადასახურად გამოყენებულია ბრტყელი გვერდებაკეცილი ღარისებრი ე. წ. კურტნის კრამიტი. გვხდება ღარკრამიტიც, რომელსაც თავი შესამჩნევად ვიწრო აქვს, ბოლო კი ფართო. ძალისური კრამიტი ფორმითა და სიდიდით გვიანდელი ანტიკური ხანის კრამიტს ჰგავს, ტლანქია, ზოგჯერ თიხაც არაა განლექილი, გამოწვის ხარისხი დაბალია და არც შეღებილია. ამ სახის კრამიტი გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქალაქის არსებობის უკანასკნელ პერიოდში (გვიანდელი ანტიკური ხანის ბოლო). ადრეული ხანის ნაგებობების ბრტყელ გვერდებაკეცილ კრამიტებს გარეთა კუთხეები ჩათლილ-ჩასწორებული აქვთ, ღარისებრი კრამიტები კი ქიმებიანია. ყველა წითლად არის შეღებილი. კრამიტებზე ვხვდებით სხვადასხვა სახის ნიშნებს. ამ ფენის კრამიტები ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე და ახ. წ. პირველ საუკუნეებში იყო გავრცელებული. გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ: ქალაქმა ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს ახ. წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტორიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI-VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII საუკუნუის 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს.

 

 

ნიჩბისი ციციშვილების საგვარეულო ციხე-დარბაზი

    ციციშვილების ციხე-დარბაზი მდებარეობს მცხეთის რაინში, სოფელ ქვემო ნიჩბისის ჩრდილოეთ ნაწილში, ფერდობზე. თარიღდება XVII საუკუნით. იგი ეკუთვნოდა ციციშვილების საგვარეულოს. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად შემორჩენილია გალავნისა და აბანოს. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა. გალავანი ოთხკუთხაა (სიმ. 7-8 მ). მისი ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში, საბრძოლო ბილიკის დონეზე, შორი-შორს განლაგებულია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სალოდეები. თაღოვანი ჭიშკარი (გადაკეთებულია) სამხრეთ-დასავლეთითაა. გალავანში ჩართულია კოშკები. აღმოსავლეთ კედელში ორი კოშკია – ცილინდრული და სწორკუთხა. ერთი მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია, მეორე, ჩრდილოეთ კუთხეში. ეზოში სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას. შესასვლელი მეორე სართულზეა. აქ პატარა ტამბურში, მესამე სართულზე ასასვლელი კიბე და მეორე სართულის სათავსებში შესასვლელი კარია. სართულებს ისრული გადახურვა აქვთ. ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული. აბანო (7.8 X 13.3 მ) გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშია. პატარა ტამბური კარით უკავშირდება გეგმით კვადრატულ, სფერული კამარით გადახურულ მოსაცდელ-გასახდელს. მის კედლებში ნიშები და ერთი ბუხარია, ხოლო ცენტრში – აუზი. გასახდელი გადის ტალანში, რომლის ბოლოებში პატარა დამხმარე სათავსებია. ტალანიდან სფერული კამარით გადახურულ საბანაო ოთახში შეიძლება შესვლა. საბანაო ოთახის იატაკის ერთი მესამედი ცოტათი აწეულია და მის ცენტრალურ ნაწილში ღრმა აუზია. წყალი ამ აუზში კედლის ნიშში მოწყობილი პატარა აუზიდან ჩადიოდა. საბანაო ოთახის ქვეშ კალორიფერია, ხოლო გვერდით – გეგმით სწორკუთხა, ცილინდრული კამარით გადახურული საქვაბე. შემორჩენილია ქვაბის ადგილი. საქვაბის ქვეშ საცეცხლეა. იატაკი ყველგან აგურისაა. იქვე მდებარე ხევიდან კერამიკული მილებით აბანოში შემოყვანილი იყო წყაროს წყალი.

 


მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით